ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

„ჯორჯიან მანგანეზის“ დაქვემდებარებაში შემავალი ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

„ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ მიიღო გადაწყვეტილება, თანამდებობა დატოვოს.

ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჭიათურაში მეთერთმეტე დღეა, მაღაროელების გაფიცვა  გრძელდება. გაფიცულთა ნაწილი შიმშილობს. მაღაროელები სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ჭიათურაში დღეს მაღაროელებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სკოლის მოსწავლეებმა.

ამასთან, ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ დღეს განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველს ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე, დახურულ ფორმატში მოუსმენენ.

დატოვე კომენტარი