ჩერჩესოვს გადადგომა არც უხსენებია - რუსეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა მოვამზადოთ #1TVSPORT
დანიასთან 1:4 მარცხის შემდეგ ყველა ელოდებოდა, რომ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გადადგომას გამოაცხადებდა, მაგრამ მან მოულოდენლად ლაპარაკი დაიწყო იმის თაობაზე, რომ გუნდს ყატარში 2022 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოამზადებს.
„პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება მწვრთნელს – ეს კანონია. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უფრო გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, დღეს კი სხვები, ნაკლებად გამოცდილები თამაშობენ. ახლა ისინი იმ გამოცდილებას იღებენ, რაც ასეთ ტურნირებზე კარგად გამოსვლაში ხელს შეუწყობს. არ მინდა მოთამაშეები დავადანაშაულო, ისინი მომხდარს ძალიან განიცდიან. ყველას მადლობა გადავუხადე. მალე გვექნება მსოფლიო თასის შესარჩევი მატჩები, საჭიროა ბრძოლისუნარიანი და ღირსეული გუნდი შევქმნათ“, – განაცხადა ჩერჩესოვმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფური ეტაპის შედეგების შემდეგ, „ბ“ ჯგუფში ბელგიის ეროვნულმა გუნდმა 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. დანიას, ფინეთსა და რუსეთს 3-3 ქულა დაუგროვდათ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით, დანიელები მეორე ადგილზე გავიდნენ, ფინელები – მესამეზე, რუსები კი – ბოლო, მეოთხე ადგილზე.