იტალიურმა საჯინიბო “ფერარიმ” ჩემპიონთა ლიგის გამო, თავისი უმსხვილესი სპონსორი დაკარგა.
როგორც F1i წერს, ესპანურმა ბანკმა Santander-მა გადახედა თავის მარკეტინგულ სტრატეგიას და სამი წლით სპონსორული კონტრაქტი გააფორმა უეფა-სთან. ამით ის ჩემპიონთა ლიგის ჩატარებაში ევროპული საფეხბურთო ფედერაციის პარტნიორი გახდა.
ამავდროულად, ბანკმა უარი თქვა “ფერარისთან” თანამშრომლობაზე, რომლის ძირითადი სპონსორი იყო 2010 წლიდან.
Santander “ფერარიში” შვიდი წლის წინ, ესპანელ პილოტ ფერნანდო ალონსოსთან ერთად მივიდა და დარჩა იტალიურ გუნდში ალონსოს წასვლის შემდეგაც. ბანკს ფორმულა 1-ის ლეგენდარული საჯინიბოსთვის, ყოველწლიურად, 40 მილიონი ევრო მოჰქონდა.