ჩემპიონობასთან დაკავშირებით, არგენტინის მთავრობამ ეროვნული დღესასწაული გამოაცხადა #1TVSPORT
ჩემპიონობასთან დაკავშირებით, არგენტინის მთავრობამ ეროვნული დღესასწაული გამოაცხადა #1TVSPORT

არგენტინის ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ სახლში გაემგზავრა. გუნდი ბუენოს აირესში 20 დეკემბრის გამთენიისას ჩაფრინდა.

მსოფლიო ჩემპიონობასთან დაკავშირებით, TyC Sports-ის ცნობით, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სამშაბათი, 20 დეკემბერი არგენტინის ეროვნულ დღესასწაულად გამოეცხადებინა. პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა გამოსცა განკარგულება და „ალბისელესტეს“ საზეიმო დახვედრისთვის მზადება დაწყებულია.

არგენტინის ნაკრები დოჰადან რომში გადაფრინდა და ბუენოს აირესში დღეს თბილისის დროით 4:00 საათზე ჩაფრინდა. გუნდი არგენტინაში მანამდე დიდი ხნით ადრე უნდა ყოფილიყო, მაგრამ დოჰაში რეისი AR1915 მთელი 7 საათითა და 44 წუთით გადაიდო.

18 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის ნაკრებმა პენალტების სერიაში საფრანგეთი დაამარცხა. შეხვედრის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, დამატებით დროში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს, გამარჯვებული კი პენალტების სერიაში გამოვლინდა – 4:2.