ჩემპიონმა მარო მაყაშვილის სახელიანი მაისურებით ითამაშა - ხობის „კოლხეთი“ მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
ხობის „კოლხეთმა” ქალთა ლიგის ეროვნულ ჩემპიონატზე თბილისის „ნიკე“ ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ქალთა ლიგაში მესამე ადგილი მოიპოვა.
ეს იყო მთავარი ინტრიგა ქალთა ლიგის დასკვნითი ეტაპის ზედა ჯგუფის ბოლოსწინა ტურში. „კოლხეთმა“ თბილისის „ნიკეს“ უმასპინძლა და თამარ სვანიძის (18, 65), ნატა კვირკვაიასა (41) და ვიკა კუპრეიშვილის (53) გოლებით 4:1 დაამარცხა. სტუმრებიდან პრესტიჟის გოლი ლელა ჭიჭინაძის ანგარიშზეა.
უხვგოლიანი გამოდგა შეხვედრა თბილისშიც, სფფ-ს ნუცუბიძის საფეხბურთო ცენტრში, სადაც „კვარტალი“ ქვეყნის 2021 წლის ჩემპიონ „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა. ლანჩხუთელებმა 1921 წელს რუსეთის ჯართან ბრძოლაში გარდაცვლილი საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელიანი მაისურებით ითამაშა. უშუალოდ შეხვედრა კი 1:5 მოიგეს. ხატია ჭყონიამ დუბლი (10, 50) შეასრულა, თითო-თითო გოლი სოფო ნარსიას (25), თეონა თოდაძის (30 – პენალტი) და ანა გობრონიძის (85) ანგარიშზეა. „ლანჩხუთმა“ ჩემპიონობა უკვე გაინაღდა. შემდეგ, „კვარტალი“ მეორეზეა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ხობის „კოლხეთი“ მიიღებს.
ბოლოსწინა ტურის მატჩები ქვედა ჯგუფშიც გაიმართა. „გორი იუნაიტედმა“ ლიდერი „ნორჩი დინამო“ ეთერ სულაშვილის დუბლით (53, 92) 2:0 დაამარცხა და გათამაშების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, პლეი აუტისთვის თავის აცილების თეორიული შანსი შეინარჩუნა. ანალოგიური ამოცანის წინაშე იდგა ქუთაისის „მართვე“, რომელმაც „ბათუმს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. „მართვემ“ და „გორი იუნაიტედმა“ 16-16 ქულა დააგროვეს. ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება – 11 დეკემბერს გორელები „ბათუმს“ ესტუმრებიან, ხოლო „მართვე“ – „ნორჩი დინამოს“.