მაურიციო პოჩეტინომ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. არგენტინელმა სპეციალისტმა ლონდონურ კლუბში ერთი წელი იმუშავა.
„ჩელსიმ“ გამოაცხადა, რომ მხარეები ორმხრივი შეთანხმებით დაშორდნენ ერთმანეთს. პოჩეტინოსთან ერთად, გუნდი დატოვეს მისმა ასისტენტებმა – ხესუს პერესმა, მიგელ დ’აგოსტინომ, ტონი ხიმენესმა და სებასტიანო პოჩეტინომ.
„მადლობა „ჩელსის“ მფლობელებსა და სპორტულ დირექტორებს იმ შესაძლებლობისთვის, რომ გავმხდარიყავი ამ საფეხბურთო კლუბის ისტორიის ნაწილი. ახლა „ჩელსის“ აქვს ყველა შესაძლებლობა, გააგრძელოს პროგრესი პრემიერლიგასა და ევროპაში“, – განაცხადა 52 წლის პოჩეტინომ.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე კანდიდატთა სიაში არიან: სებასტიან ჰიონესი „შტუტგარტიდან“, მიჩელი „ჟირონადან“, კირან მაკენა „იფსვიჩიდან“ და ენცო მარესკა „ლესტერიდან“.
„ჩელსიმ“ 2023-24 წლების სეზონში პრემიერლიგა მეექვსე ადგილზე დაასრულა.