„ჩელსი“ ახალ მწვრთნელს წელიწადში 12 მილიონ ფუნტს გადაუხდის #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსის“ პრესსამსახურმა მთავარ მწვრთნელად გრემ პოტერის დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.
მხარეებს შორის გაფორმდა ხუთწლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვით ინგლისელი სპეციალისტი 60 მილიონ ფუნტს მიიღებს. ასე რომ, 47 წლის პოტერის წლიური ხელფასი 12 მილიონი ფუნტი იქნება. გარდა ამისა, „ჩელსიმ“ 15 მილიონი ფუნტი გადაუხადა „ბრაიტონს“ კომპენსაციის სახით.
„დაუჯერებლად ამაყი და აღელვებული იმით, რომ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი გავხდი. ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვიმუშაო „ჩელსის“ ახალ მფლობელებთან და მოუთმენლად ველოდები შეხვედრას ამ გუნდის შესანიშნავ ფეხბურთელებთან. „ჩელსიში“ მინდა განვავითარო გუნდი და კულტურა, რომელითაც იამაყებენ საოცარი გულშემატკივრები.
მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო „ბრაიტონს“ იმისათვის, რომ მომცა ამ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა. ხელმძღვანელობა, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ყოველთვის მხარს მიჭერდნენ“, – განაცხადა პოტერმა დანიშვნის შემდეგ.
იტყობინებიან, რომ „ჩელსი“ პოტერის დახმარებას მიმართავს „მსოფლიო დონის“ სპორტული დირექტორის მოსაძებნად. ლონდონურ კლუბს სურს ეს საქმე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე მოაგვაროს, რათა ახალ სპორტულ დირექტორს ჰქონდეს დრო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის მოსამზადებლად.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა მთავარი მწვრთნელის პოსტზე თომას ტუხელი შეცვალა. მანამდე ის „ესტერსუნდს“, „სოუნსისა“ და „ბრაიტონს“ წვრთნიდა.