„ჩელენჯ ქაფის“ (Challenge Cup) ფინალში „ბრისტოლმა“ „ტულონი“ დაამარცხა [ვიდეო]
„ბრისტოლ ბეარსმა“ რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირი „ჩელენჯ ქაფი“ (Challenge Cup) და პირველი ევროპული ტიტული მას მერე მოიგო, რაც ფინალში სტუმრად ფრანგული „ტულონი“ დაამარცხა – 32:19.
მატჩის პირველი ლელო მე-15 წამზე ჰარი რენდელმა მიითვალა და „დათვებმა“ გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს. „ტულონი“ არ დაბნეულა, მეტიც, ფრანგულმა კლუბმა პირველი ნახევარი 16-10 მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში პეტ ლემის გუნდმა მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჩაგრა და გამარჯვება ბრისტოლელებს დარჩათ.
„ბეარსმა“ ერთი კვირის წინ ინგლისის პრემიერშიფის ნახევარფინალი „ვოსფსთან“ დათმო (47:24), მაგრამ გუშინ დადასტურდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კორონავირუსის გამო ლონდონელები 24 ოქტომბერს ფინალში ვერ ითამაშებენ, მათ სწორედ ბრისტოლური კლუბი ჩაანაცვლებს.
ლემის გუნდს ექვსი მორაგბე აკლდა, მათ შორის წამყვანი მოთამაშეები – ჩარლზ პიუტაუ (აქილევსის მყესი), ნეითან ჰიუჯსი (ნეკნები) და გუნდის კაპიტანი სტივენ ლუატუა, რომელსაც თამაშამდე ერთი დღით ადრე გოგონა შეეძინა.
საგულისხმოა, რომ მატჩში ერთი ქართველი მორაგბე, „ტულონელთა“ ბურჯი ბექა გიგაშვილი მონაწილეობდა, რომელიც სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველ ტაიმში შესანიშნავად ირჯებოდა და რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდში გამოიჩინა თავი.
ბრისტოლი (10) 32 |
ლელო – რენდალი, მალინსი; გარდასახვა – შიდი 2; ჯარიმა – შიდი 6; |
ტულონი (16) 19 |
ლელო – ჰიმი; გარდასახვა – კარბონე; ჯარიმა – კარბონე 4; |