ქართველების „ბრივი“ „ტულონთან“ დამარცხდა - ოთარ გიორგაძის ლელო და თედო აბჟანდაძის 11 ქულა [ვიდეო]

საფრანგეთის „ტოპ 14“-ის მერვე ტურის პირველ შეხვედრაში „ტულონი“ „სტად მაიოზე“ „ბრივს“ დაუხვდა და მეტოქე ანგარიშით 35:19 დაამარცხა. „ბრივის“ შემადგენლობაში ხუთმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა – მგეზავი თედო აბჟანდაზე, ბურჯი სოსო ბეკოშვილი და მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე და კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთნენ.

„ბრივის“ მხრიდან ერთადერთი ლელო ქართველი მესამეხაზელი ოთარ გიორგაძის ანგარიშზეა. ქართველმა მორკინალმა 53-ე წუთზე, საკუთარი გუნდის კარგი იერიშის შედეგად ბურთი „ტულონის“ 22 მეტრიან ხაზთან მიიღო, მეტოქის ბურჯს მარტივად აუარა გვერდი და ლელო მიითვალა. აბჟანდაძემ, რომელსაც მანამდე სამი საჯარიმო ჰქონდა ზუსტად შესრულებული, გარდასახვაც გაიტანა და საკუთარ გუნდს 11 ქულა მოუტანა. საბოლოოდ, მოპოვებული 19 ქულიდან 16 ქართველი მორაგბეების ანგარიშზე იყო. „ტულონის“ განაცხადში კვლავ არ იყო ბექა გიგაშვილი – ქართველმა ბურჯმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, ინგლისთან ვერც „ბორჯღალოსნებს“ დაეხმარება.

რვა ტურის შემდეგ „ტულონს“, რომელმაც მხოლოდ ექვსი მატჩი გამართა, 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილს იკავებს. აუტსაიდერთა შორისაა ქართველების „ბრივი“ – გუნდს შვიდი მატჩიდან მხოლოდ ორი აქვს მოგებული და ცხრა ქულით ბოლოსწინა, მე-13 პოზიციას იკავებს. საფრანგეთის „ტოპ 14“-ს 26 ქულით „ლა როშელი“ ლიდერობს. მას სამი ქულით ჩამორჩება „კლერმონი“, რომელიც ამდენივეთი უსწრებს „ტულუზას“. საინტერესოა ისიც, რომ „ბაიონში“, რომელიც „ბორდოსთან“ ანგარიშით 43:19 დამარცხდა, ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დებიუტი ჰქონდა ქართველ მხტომელ კონსტანტინე მიქაუტაძეს. იგი მოედანზე მეორე ნახევარში, არგენტინელი მარიანო გალარცას ნაცვლად გამოჩნდა.