ჩელებაძე ქობულეთში ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს - ინვესტორმა „შუქურას“ მიხედოს ან წავიდეს #1TVSPORT
ჩელებაძე ქობულეთში ახალი სტადიონის მშენებლობას აანონსებს - ინვესტორმა „შუქურას“ მიხედოს ან წავიდეს #1TVSPORT

რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველ არხთან დაადასტურა, რომ ქობულეთში ახალი სტადიონის აშენება გადაწყდა. თბილისის „დინამოს“ ვეტერანი თავდამსხმელის თქმით, გადაწყვეტილება აჭარის რეგიონის ხელმძღვანელებმა მიიღეს.

„დიახ, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია. აჭარის მეთაურის, თორნიკე რიჟვაძისა და ქობულეთის მერის, ლევან ზოიძის ინიციატივით, „ჩელე-არენა“ დაინგრევა და მის ნაცვლად ბათუმის ახალი არენის ასლი აშენდება, რომელიც დაახლოებით 7 ათას ადამიანს დაიტევს და გადახურული იქნება. სავარაუდოდ, პროექტზე მუშაობა, ტენდერის გამოცხადება და ყველა ეს პროცედურა ევრო 2023-ის დასრულების შემდეგ დაიწყება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან რევაზ ჩელებაძემ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა, რომელიც რამდენიმე წელი ქობულეთის „შუქურას“ ხელმძღვანელობდა, გუნდში არსებულ მდგომარეობას კრიტიკული უწოდა:

„გუნდიდან კი არავინ მაგდებდა, მაგრამ ფული აღარ მქონდა და წავედი. გაგვიხარდა, წელს „შუქურაში“ ინვესტორი რომ მოვიდა. სამწუხაროდ, ხელფასების და პრემიების დავალიანებაა და ეროვნულ ლიგაში გადასული გუნდის წევრებმა ახალ წლამდე კუთვნილი თანხები სრულად ვერ მიიღეს. ამის გამო გუნდი დირექტორმა, ირაკლი ბერიძემ დატოვა, რომლმაც „შუქურასთვის“ ბევრი გააკეთა. მისი წასვლა დაუშვებელია. ვიცი გუნდის განწყობაც – ინვესტორი 10 იანვრამდე დავალიანებას თუ არ გაისტუმრებს, შეკრებაზე არავინ გამოცხადდება და თავად ინვესტორის წასვლას მოითხოვენ“.