„ჩელე არენაზე“ მინდვრის საფარს ცვლიან - „შუქურა“ ქობულეთში მე-4 წრეში დაბრუნდება #1TVSPORT
„ჩელე არენაზე“ მინდვრის საფარს ცვლიან - „შუქურა“ ქობულეთში მე-4 წრეში დაბრუნდება #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ პრესსამსახურმა სტადიონთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რომ გუნდი საკუთარ სტადიონს მე-4 წრეში დაუბრუნდება.

„ქობულეთის „ჩელე არენაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხორციელდება მინდვრის საფარის შეცვლა. აღნიშნული სამუშაოები ფინანსდება კლუბის ბიუჯეტიდან. ქობულეთის „შუქურა“ საშინაო თამაშებს საკუთარ მოედანზე მე-4 წრიდან გამართავს“, – წერია ქობულეთური კლუბის პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

„ჩელე არენაზე“ მინდვრის საფარი 2018 წელს დააგეს. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში მოედნიდან აღებული ხელოვნური საფარი ბუნებრივი მინდვრით შეიცვალა, მაგრამ საფარი ადგილობრივი კლიმატისთვის შეუფერებელი აღმოჩნდა.

ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგის საშინაო თამაშებს საკუთარ ქალაქში ვერ ატარებს. გუნდი მეტოქეებს ჯერ ზესტაფონში მასპინძლობდა, ხოლო ბოლო ტურის მატჩი ფოთში მიიღო, რადგან „ჩელე არენაზე“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.