ჩეჩნეთის სასამართლომ უფლებადამცველ ოიუბ ტიტიევს ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ჩეჩნეთის სასამართლომ უფლებადამცველი ცენტრის, „მემორიალის“ ჩეჩნეთის ოფისის ხელმძღვანელს, ოიუბ ტიტიევს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველი დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შენახვაში ცნეს დამნაშავედ.
ოიუბ ტიტიევი 2018 წლის 9 იანვარს დააკავეს. „მემორიალის“ ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელი ბრალს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ გამოძიებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ორგანიზაცია „მემორიალში“ აცხადებენ, რომ ტიტიევის წინააღმდეგ მტკიცებულებები ყალბია.
ოიუბ ტიტიევი „მემორიალის“ ჩეჩნეთის ოფისს 2001 წლიდან მუშაობდა, 2009 წელს ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ კი მისი ხელმძღვანელი გახდა. ტიტიევის დაპატიმრების შემდეგ „მემორიალმა“ რესპუბლიკაში მუშაობა შეაჩერა.
ოიუბ ტიტიევი პოლიტპატიმრად მრავალმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ აღიარა. ევროპარლამენტმა რუსეთს მისი გათავისუფლება მოსთხოვა. უფლებადამცველის საკითხი ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც დააყენა.