ჭარბვალიანობის დაძლევის საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას დღეს გააკეთებს
ჭარბვალიანობის დაძლევის საკითხზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განცხადებას დღეს გააკეთებს

დღეს გახდება ცნობილი საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარებას ისახავს მიზნად. ახალი ინიციატივის შესახებ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე, 11:00 საათზე დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ გარკვეულ საბანკო დავალიანებებზე შესაძლოა, ამნისტია გამოცხადდეს.

ამასთან, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა 19 ნოემბერს აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე.

დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მინისტრთა კაბინეტის წევრები დეტალებს არ ახმაურებენ, თუმცა აღნიშნავენ რომ ინიციატივები, რომლებიც დღეს გამოცხადდება მთავრობის მუშაობის დიდი ხნის შედეგია.

არაოფიციალური ინფორმაციით, ცვლილებები ნახევარ მილლიონ ადამიანს შეეხება.

შეგახსენებთ, ჭარბვალიანობის პრობლემის მოგვარების მიზნით მამუკა ბახტაძემ ინიციატივა ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრის პოსტზე მუშაობისას გააჟღერა. საბანკო რეგულაციები, რომლებიც პირველი იანვრიდან ამოქმედდება, სწორედ ამ გეგმის ნაწილია.