კახა კალაძე - პრემიერი ხვალ გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე, სწორედ ამიტომ მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ კლოუნადა
კახა კალაძე - პრემიერი ხვალ გამოაცხადებს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე, სწორედ ამიტომ მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ კლოუნადა

როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. „შავი სიის“ პრობლემის მოგვარების გზაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შოკის გამოხატულება იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ასრულებს დაპირებას, რომელზეც პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო.

„მინდა მივმართო „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს. დაელოდეთ, ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოქალაქეების საბანკო დავალიანებებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას დღეს რამდენიმე მოთხოვნით მიმართა. გრიგოლ ვაშაძემ მოუწოდა მთავრობას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მოქალაქეების მოვალეთა ე.წ. შავი სიებიდან ამოღება და მათი ვალები სახელმწიფომ გადაიბაროს.