ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე დღეს მეშვიდე ტურის პარტიები გაიმართება
ბათუმში მიმდინარე ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეექვსე ტურში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნულმა ნაკრებმა სერბეთის გუნდი მშრალი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.
ნანა ძაგნიძემ შავი ფერის ფიგურებით იოვანა ერიჩს სძლია. პარტიები დაფების მიხედვით ასევე გამარჯვებით ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემ და სალომე მელიამ დაასრულეს.
ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს პირველ ნაკრებს 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ რუსეთის ნაკრებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.
საქართველოს ქალთა მეორე ნაკრების წევრებიც საპრიზო სამეულისთვის იბრძვიან. მეექვსე ტურში მეორე გუნდის წევრებმა პოლონელებთან შეხვედრაში ყაიმი დააფიქსირეს. ნინო ბაციაშვილმა მონიკა სოცკოს, ხოლო სოფიო გვეტაძემ ალისია სლივიცკას დამარცხება შეძლო, ნინო ხომერიკმა და სოფიკო ხუხაშვილმა კი პარტიები წარუმატებლად დაასრულეს.
საქართველოს ქალთა მეორე ნაკრების ანგარიშზე 3 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხია და ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.
საქართველოს მეორე ნაკრების წევრები დღეს შავი ფერის ფიგურებით უკრაინის გუნდის წარმომადგენლებთან ითამაშებენ.
ქალთა მესამე გუნდი დღეს ნორვეგიის ნაკრების მეტოქე იქნება.
რაც შეეხება ვაჟებს. ჩვენი ეროვნული გუნდი დღეს ნორვეგიის, ხოლო მეორე გუნდი სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.