CERN-ის მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვებიან
CERN-ის მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვებიან

ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ასზე მეტი მკვლევარი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ინოვაციურ გზებს ეძებს.

ნაწილაკების ფიზიკის მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის მეცნიერები, ინჟინრები და ტექნიკოსები ცდილობენ შეავსონ ის კრიტიკული ნაპრალი, რაც პანდემიასთან საერთაშორისო ბრძოლის დროს გამოიკვეთა — ხელის სადეზინფექციო საშუალებების წარმოება-გავრცელება და რესპირატორების დამზადება.

„CERN-ის ერთ-ერთი უდიდესი შესაძლებლობაა კონტაქტები დაამყაროს ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელთან ძალიან ბევრ ადგილას“, — ამბობს ლაბორატორიის ნაწილაკების ფიზიკოსი და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბენიამინო დი ჯირომალო.

ჯგუფი მჭიდროდ მუშაობს ადგილობრივ სააგენტოებთან, ბიოსამედიცინო ექსპერტებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა მოხდეს CERN-ის რესურსების საუკეთესო მიმართულებით გამოყენება.

ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პროექტია მაღალენერგიული ვენტილატორების დამზადება. გამომდინარე იქიდან, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერთან მომუშავე მკვლევრებს დიდი გამოცდილება აქვთ აირთა ნაკადებისა და საკონტროლო სისტემების მართვაში, დი ჯირომალო ამბობს, რომ ისინი ამ პროექტს წარმატებით განახორციელებენ.

ვენტილატორის დიზაინი ჯგუფმა პირველ აპრილს გამოაქვეყნა რეცენზირებამდელ სერვერ arXiv-ზე და ახლა ამ პროტოტიპის შესახებ უკუკავშირს ელოდებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან. დი ჯირომალოს განცხადებით, წარმოება დასაწყებად მაქსიმუმ ერთ თვეში იქნება მზად.

CERN-ის ჯგუფი ასევე აწარმოებს 3D პრინტერით დაბეჭდილ ნიღბებსა და სახის დამცავებს, ისევე როგორც ხელის სადეზინფექციო საშუალებებს. გარდა ამისა, ცენტრი ეპიდემიოლოგებსა და ვირუსოლოგებს COVID-19-ის ვაქცინის კვლევებისთვის სთავაზობს მაღალი წარმადობის კომპიუტერულ რესურსებს. ორგანიზაცია უკვე ახორციელებს პირველადი საჭიროების საშუალებების გავრცელებას მოხუცებისა და რისკ-ჯგუფში მყოფი საზოგადოებების წევრებისთვის.

როგორც დი ჯირომალო აღნიშნავს, სამუშაო ჯგუფი მუშაობს ახალ იდეებზეც და ამავე დროს ღიაა სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.

„არ შეგვიძლია, უბრალოდ დავიკეტოთ. CERN-ში აურაცხელი ენერგიაა. აქ ბევრი ადამიანია, ვისაც ამ სიტუაციაში დახმარება შეუძლია“, — ამბობს ლაბორატორიის ნაწილაკების ფიზიკოსი და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბენიამინო დი ჯირომალო.

მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი