ხელოვნური ინტელექტი კორონავირუსის წინააღმდეგ — წამყვანი ამერიკული ინსტიტუციები დიდ ბრძოლას იწყებენ
ხელოვნური ინტელექტი კორონავირუსის წინააღმდეგ — წამყვანი ამერიკული ინსტიტუციები დიდ ბრძოლას იწყებენ

მოწინავე კომპიუტერებმა უკვე დაამარცხეს ჭადრაკის დიდოსტატები და ისწავლეს ისიც, როგორ ამოიცნონ წარმოუდგენლად დიდ მონაცემებში სახეები და ხმები. ამჯერად, პროგრამული უზრუნველყოფისა და ხელოვნური ინტელექტის დეველოპერი მილიარდერი უნივერსიტეტებთან და სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობს რათა გაარკვიოს, შეუძლია თუ არა ხელოვნურ ინტელექტს ამჟამინდელი და სამომავლო პანდემიების შეჩერება.

ხელოვნური ინტელექტის კომპანია C3.ai-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თომას სიბელი აცხადებს, რომ საჯარო-კერძო კონსორციუმი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში 367 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს ახალი კორონავირუსის შეჩერების გზების საპოვნელად.

„ვერ წარმომიდგენია, სხვა რა უფრო მნიშვნელოვან საქმეში უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური ინტელექტი“, — ამბობს სიბელი ინტერვიუში.

ახალ კვლევით კონსორციუმს C3 ციფრული ტრანსფორმაციის ინსტიტუტი (C3.ai Digital Transformation Institute) ეწოდა და მასში ჩაერთნენ პრინსტონის უნივერსიტეტი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, კალიფორნიის უნივერსიტეტი, ილინოისისა და ჩიკაგოს უნივერსიტეტები, თავად C3.ai და Microsoft-ი. პროგრამის მიზანია, უდიდესი სოციალური პრობლემების გადაჭრაში ხელოვნური ინტელექტით შეიარაღებული მოწინავე მეცნიერები ჩართოს. მათი პირველი გამოწვევა პანდემია იქნება.

ახალი ინსტიტუტი პათოგენების გავრცელების შესანელებელ ახალ გზებს მოძებნის, დააჩქარებს სამკურნალო საშუალებების შექმნას, შექმნის ახალ პრეპარატებს და ძველებს ახლებურად მოსინჯავს, დაგეგმავს კლინიკურ ცდებს, იწინასწარმეტყველებს დაავადების ევოლუციას, შეაფასებს ინტერვენციების ფასეულობას, გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტრატეგიებს და უკეთეს გზებს მოძებნის სამომავლო ინფექციურ ეპიდემიებთან საბრძოლველად.

C3.ai-ს სამეურვეო საბჭოს წევრი და ჰუვერის ინსტიტუტის მომავალი დირექტორი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამ ინიციატივას უნიკალურ შესაძლებლობას უწოდებს „ასეთი მოვლენების უკეთ მართვისა და კაცობრიობისთვის ძალიან ცუდი შედეგების თავიდან ასაცილებლად“.

ინსტიტუტი წელიწადში 26 გრანტის გაცემას გეგმავს კვლევით ფონდებსა და კომპიუტერული რესურსების კვლევებში, თითოეულის მოცულობა 500 000$ იქნება. მთავარი მოთხოვნაა წამყვანი მკვლევრები მოღვაწეობდნენ კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტებში, მაგრამ პარტნიორობას სთავაზობს სხვა ინსტიტუციების ჯგუფებსაც. შეთავაზებები კორონავირუსის წინააღმდეგ მაისამდე მიიღება, პირველი გრანტების გაცემა კი ივნისში დაიწყება. აღმოჩენები საჯაროდ გახდება ხელმისაწვდომი.

ინსტიტუტის დირექტორები არიან კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი შანკარ სასტრი და ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარი რეიადურგამ სრიკანტი. კომპიუტერულ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას C3.ai და Microsoft-ი იღებენ; ამ მიმართულებას ასევე გაინაწილებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორია და ილინოისის უნივერსიტეტის სუპერკომოიუტერული გამოყენების ეროვნული ცენტრი. ეს ორგანიზაციები მსოფლიოს ყველაზე მოწინავე სუპერკომპიუტერებს ფლობენ.

წარმატებული ხელოვნური ინტელექტის შექმნა ხშირად უკიდურესად რთულია. ბოლო წლებში, მრავალი მდიდარი ამერიკელი აქტიურად ჩაერთო სოციალური პროგრესის პროგრამებში, სამეცნიერო კვლევების დაფინანსების გზით. ხშირად ისინი ფედერალურ მთავრობაზე მეტსაც აღწევენ, რადგან ამ უკანასკნელის მიზნები ხშირად გაუბედავია, ბიუჯეტი კი არაპროგნოზირებადი.

გამოცემა Forbes-ის მონაცემებით, თომას სიბელის ქონება ამჟამად 3,6 მილიარდი აშშ დოლარია. მისი კუთვნილი First Virtual Group-ი არის დივერსიფიცირებული ჰოლდინგური კომპანია, რომელიც ფილანტროპულ კომპანიებსაც მოიცავს.

თომას სიბელი 1952 წელს დაიბადა. ილინოისის უნივერსიტეტში სწავლობდა ისტორიას და კომპიუტერულ მეცნიერებებს. შემდეგ იყო კომპანია Oracle-ის აღმასრულებელი დირექტორი. 1993 წელს დააფუძნა Siebel Systems-ი, სამომხმარებლო კომპიუტერული უზრუნველყოფის სერვისის მოწინავე კომპანია, რომელიც 2006 წელს Oracle-ს შეერწყა. C3.ai სიბელმა 2009 წელს დააარსა.

Microsoft-ის უფროსი მეცნიერი და მედიცინის დოქტორი ერიკ ჰორვიცი კორონავირუსის წინააღმდეგ დაწყებულ ამ ინიციატივას დადებითად აფასებს. მისი თქმით, ამ მიდგომის მთელი ძალა მდგომარეობს წამყვან მოთამაშეთა და ინსტიტუციათა ერთად თავმოყრაში.

„გვავიწყდება ვინ სად არის და რა შეგვიძლია ერთობლოვად“, — ამბობს ჰორვიცი.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.