ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 12 პაციენტი, მათ შორის ორი ბავშვი მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 12 პაციენტი, მათ შორის ორი ბავშვი მცხეთის საავადმყოფოებში გადაიყვანეს

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული 12 პაციენტი მცხეთის სამედიცინო ცენტრსა და მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა სოფო ჭუმბურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.

„ბავშვების მდგომარეობა არ არის მძიმე. სხვებს აღენიშნება სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები. ამ წუთებში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მიდის დაშავებულთა მოსანახულებლად“, – განაცხადა სოფო ჭუმბურიძემ.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.