ცენტრ „ემპათიაში“ აცხადებენ, რომ მათი საექსპერტო მონაცემებით, ბაჩალიაშვილის ცხედარს ცეცხლნასროლი ან სხვა სახის ჭრილობა არ აღენიშნება
ცენტრ „ემპათიაში“ აცხადებენ, რომ მათი საექსპერტო მონაცემებით, ბაჩალიაშვილის ცხედარს ცეცხლნასროლი ან სხვა სახის ჭრილობა არ აღენიშნება

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია“ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის პირველადი საექსპერტო გამოკვლევის წინასწარ მონაცემებს ასაჯაროებს. მათი ინფორმაციით, გასაჯაროების გადაწყვეტილება ოჯახის თანხმობით მიიღეს.

მარიამ ჯიშკარიანის თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარებულ ექსპერტიზაზე, მათი ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა მონაწილეობდა.

„ჩატარდა გვამის გარეგანი და შინაგანი დათვალიერება, რენდგენოსკოპიული კვლევა, აღებული იქნა ნიმუშები ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის. ჩატარებული კვლევების საფუძველზე ამ ეტაპზე შეგვიძლია განვაცხადოთ შემდეგი: ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნება. ენდოსკოპიური და შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლენილა. ცეცხლნასროლი და სხვა სახის ჭრილობები არ იქნა ნანახი. გამოვლინდა შორსწასული, მოგვიანებითი გვამური მოვლენები. სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები და ტრავმული დაზიანების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორსწასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-5 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. რეკომენდირებულია კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლით“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.

დღესვე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. როგორც უწყებაში განაცხადეს, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„სამძებრო სამუშაოები განხორციელდა და დაიწყო პირველივე შეტყობინებისთანავე. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი ავტომობილი დაფიქსირდა, არის ხაიში. ამ ტერიტორიაზე მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა. 15 კილომეტრის დაშორებით სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში, აღმოჩნდა ავტომანქანა, რაც დააფიქსირა შემთხვევით გამვლელმა არასრულწლოვანმა მწყემსმა, რომელიც დაიკითხა“, – განაცხადეს შსს-ში.

თამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმედღიანი სამძებრო ღონისძიებების შემდეგ, 22 ივლისს თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს.