შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება
შსს-ში აცხადებენ, რომ გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს ძალადობის კვალი არ აქვს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილს პირველადი დათვალიერებისას მექანიკური დაზიანებები, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნება.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის სამძებრო სამუშაოები ოჯახის მიერ განცხადების შეტანისთანავე დაიწყო.

„სამძებრო სამუშაოები განხორციელდა და დაიწყო პირველივე შეტყობინებისთანავე. ბოლო ლოკაცია, სადაც მისი ავტომობილი დაფიქსირდა, არის ხაიში. ამ ტერიტორიაზე მოხდა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვა. 15 კილომეტრის დაშორებით, სხვა სოფელში, დაუსახლებელ ადგილში აღმოჩნდა ავტომანქანა, რაც დააფიქსირა შემთხვევით გამვლელმა არასრულწლოვანმა მწყემსმა, რომელიც დაიკითხა“, – განაცხადა ჭელიძემ.

ამასთან, როგორც მამუკა ჭელიძე განმარტავს, გამოძიება დაინტერესდა თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურითაც.

„ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, მისი სამსახურიდან ამოღებულია ყველა კომპიუტერი, დავკითხეთ თანამშრომლები და ამ კუთხითაც ვიკვლევთ, აქვს თუ არა რაიმე შემხებლობა  სამსახურს მის გარდაცვალებასთან“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე თქმით, გარდაცვლილს ჰყავდა ფსიქოლოგიც, რომელიც გამოძიების ფარგლებში უკვე დაიკითხა.

„მას ჰყავდა ფსიქოლოგი, რომელიც გამოძიების მიერ დაკითხულია, დეტალებზე, რაზეც ისაუბრა ფსიქოლოგმა, ოჯახის მძიმე მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ იქნება სწორი საუბარი. რეალურად გიდასტურებთ, რომ მას ჰყავდა ფსიქოლოგი და ჰქონდა კონსულტაციები“, – განაცხადა ჭელიძემ.