ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე აპირებს, საქართველოში დაბრუნდეს და გურამ დონაძეს უჩივლოს
ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე საქართველოში დაბრუნებას აპირებს. ბაქრაძე პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ის ამჟამად მინსკში იმყოფება და ქვეყანაში დაბრუნებამდე საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების მოგვარების მიზნით, თავდაპირველად მის იურისტთან აპირებს გასაუბრებას.
უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ბრალდებული ასევე აცხადებს, რომ აპირებს, რობაქიძის საქმეზე ბრალდებულ გურამ დონაძეს უჩივლოს. ის დონაძეს ტყუილში ადანაშაულებს.
„გურამ დონაძე პირდაპირ ასახელებს რომ 02:22 საათზე ხდება გასროლა და მე თურმე ვყოფილვარ ადგილზე 02:28 საათზე, ვთხოვდი გურამს, რაც ბევრს ისაუბრებს ამ საკითხზე, ძალიან ბევრ შეცდომას დაუშვებს. ის სხვა ტელეკომპანიის ეთერში ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ მიუთითებს რომ 02:17 საათზე სასწრაფოში შედის შეტყობინება, რომ წერეთლის გამზირზე დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი. თუ ამ დროს შევიდა სასწრაფოში ზარი, მაშინ 02:22 საათზე გასროლა როგორ მოხდა“, – აცხადებს ზაზა ბაქრაძე.
ბრალდებული უარყოფს გურამ დონაძის განცხადებებს, რომ ის პროკურატურას გაურიგდა და საქმეში ბრალდების მხარის ცრუ მოწმეა. საუბარია ბაქრაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებზე, სადაც მან თქვა, რომ ბუტა რობაქიძესა და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს იარაღები არ ჰქონიათ.
„პროკურატურასთან რამე შეხება ან მოლაპარაკება მქონდა კი არა, გვარიც კი არ ვიცი ამ საქმის პროკურორის, არ ვაპირებ ჩვენების შეცვლას, რა განცხადებაც გავაკეთე, ეს იქნება ჩვენებაში გადატანილი. არავის დავალებას არ ვასრულებ, ღმერთისა და ბუტა რობაქიძის ოჯახის წინაშე ვალი მოვიხადე, ვთქვი სიმართლე და ვაღიარე დანაშაული, ვურჩევ მასაც, აღიაროს დანაშაული, იქნებ უკეთაც დამთავრდეს ეს საქმე“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბრალდებულის თქმით, ის ქვეყანაში დაბრუნებას აპირებს და ამ მიზნით თავდაპირველად საზღვრის გადაკვეთაზე სამართლებრივი საკითხებს მოაგვარებს.
„საქართველოში უახლოეს მომავალში დავბრუნდები. ვაპირებ ორშაბათს მივმართო საქართველოს საელჩოს, რომ აღმომიჩინონ დახმარება, რათა რამენაირად მოხდეს საზღვრის გადაკვეთა. მარტო საელჩოს არა, ჩემს ადვოკატსაც ვთხოვე ჩამოსვლა. ჩემი პრობლემა ის არის, რომ უცხოეთის პასპორტს მოქმედება 2013 წლის თებერვალში შეუჩერდა, ამიტომ საზღვრის გადაკვეთის უფლებას არცერთი ქვეყანა არ მომცემს. იურიდიული პრობლემა მაქვს, ვერ ვკვეთ საზღვარს, საელჩოს დახმარება მინდა, რომ მიშუამდგომლონ მესაზღვრეებთან და ჩამსვან თვითმფრინავში, მერე ჩამოვალ და დამაკავებენ მანდ“, – აცხადებს ბაქრაძე.
როგორც ბაქრაძე ამბობ, საქართველოში ჩამოსვლისას აპირებს, დონაძეს უჩივლოს. მისი ინფორმაციით, ბუტა რობაქიძის საქმეზე საჯაროდ საუბარს კიდევ ერთი ადამიანი აპირებს, თუმცა ბაქრაძე მის ვინაობას არ ასახელებს.