ზაზა ბაქრაძე - მივმართავ გურამ დონაძეს, რაც მეტს ილაპარაკებს, მეტ შეცდომას დაუშვებს
ზაზა ბაქრაძე - მივმართავ გურამ დონაძეს, რაც მეტს ილაპარაკებს, მეტ შეცდომას დაუშვებს

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, ძებნილი ზაზა ბაქრაძე, მასთან ერთად ბრალდებულ გურამ დონაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დონაძე ამბობს, რომ პროკურატურის მტკიცებულებებით ზაზა ბაქრაძე შემთხვევის ადგილზე გასროლიდან ხუთ წუთში მივიდა.

ზაზა ბაქრაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დღეს გურამ დონაძემ გააკეთა განცხადება, რომ მე ვარ მატყუარა და ცრუ მოწმე, რომ შემთხვევის ადგილზე მისული ვარ 5 წუთში. მან ასევე წარმოადგინა მაგთიკომის ანძების დეტალური ამონაწერი, სადაც საზოგადოებას აჩვენა რომ 02:22 წუთზე მოხდა საბედისწერო გასროლა, სადაც დაიჭრა ბუტა რობაქიძე და ასევე წარმოადგინა ჩემი სატელეფონო ანძის დასტური, რომ 02:28 საათზე მე ვიმყოფები შემთხვევის ადგილზე. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ბატონ გურამს – რაც ბევრს ილაპარაკებს ამ თემასთან დაკავშირებით, მით მეტ შეცდომას დაუშვებს”, – აცხადებს ზაზა ბაქრაძე.

მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას ერთ-ერთ ტელევიზიაში, დონაძის მიერ გაკეთებული განცხადების ბმულიც დაურთო.

„რამდენიმე ხნის წინ, ერთ-ერთ ტელეკომპანიას დონაძემ მისცა ინტერვიუ, სადაც ასევე წარმოადგინა დოკუმენტები, რომ 02:17 საათზე, მისივე თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში შევიდა შეტყობინება, რომ წერეთლის გამზირზე დაჭრილია ახალგაზრდა და ითხოვდნენ დახმარებას. თუ 02:22 საათზე მოხდა გასროლა, იქნებ აუხსნას საზოგადოებას 02:17 საათზე, მისივე მიცემული ინტერვიუთი, როგორ შედის სასწრაფო დახმარებაში შეტყობინება ახალგაზრდის დაჭრაზე?!. p.s საზოგადოებამ განსაჯოს, ვინ არის მატყუარა და ცრუ – მე თუ გურამ დონაძე”, – განაცხადა ზაზა ბაქრაძემ.

ზაზა ბაქრაძემ, რომელიც 5 წელია ძებნილია, გუშინ პირველ არხთან ინტერვიუში წარდგენილი ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მტკიცებულებები თავადაც გააყალბა. ამ პროცესს კი ბრალდებული ზურაბ მიქაძე ხელმძღვანელობდა, რასაც ვიდეოფირზე ასახავდა შსს-ს მაშინდელი პრესსამსახურის ხელმძღვანელი გურამ დონაძე.