ბუნდესლიგაში პლეი ოფის შემოღებას აპირებენ #1TVSPORT
ბუნდესლიგაში პლეი ოფის შემოღებას აპირებენ #1TVSPORT

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში, შესაძლოა, პლეი ოფი გაჩნდეს. ასეთი წინადადება წამოაყენა გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა დონატა ჰოპფენმა. ინიციატივა მოიწონა ბუნდესლიგის ორმა ლიდერმა, მაგრამ ბევრი კლუბი წინააღმდეგ წავიდა.

ჰოპფენის ინიციატივა ეფუძნება ჩრდილოამერიკული სპორტული ლიგების გამოცდილებას. მისი აზრით, შესაძლებელია ამგვარი ვარიანტის განხილვა, თუ ეს ბუნდესლიგაში კონკურენციას გაზრდის.

„DFL მზად არის ამ საითხთან დაკავშირებით ღია დისკუსიისთვის და უახლოეს თვეებში შეხვდება კლუბებს“, – წერია ლიგის განცხადებაში.

„ბაიერნისა“ და „დორტმუნდის“ წარმომადგენლები მომხრენი არიან, რომ განიხილონ ეს წინადადება, „ლევერკუზენი“, „არმინია“, „ჰერტა“, „უნიონ ბერლინი“ და რამდენიმე სხვა კლუბი – კატეგორიული წინააღმდეგნი არიან.

„მე მაინტერესებს ახალი ვარიანტები, მაგალითად, ბუნდესლიგის პლეი ოფი. ფორმატი ნახევარფინალებითა და ფინალით ააღელვებს გულშემატკივრებს. ასე რომ, აქვს აზრი ამ იდეის განხილვას“, – განაცხადა „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა.