ბუნდესლიგა რურის დერბით განახლდება
ბუნდესლიგა რურის დერბით განახლდება

სეზონის განახლების შემდეგ, ბუნდესლიგაში პირველი მატჩი 16 მაისს გაიმართება. ამ დღეს შედგება სახელგანთქმული რურის დერბი, რომელშიც დორტმუნდის „ბორუსია“ გელზენკირხენის „შალკეს” უმასპინძლებს.

„ყველა არგუმენტის განხილვის შემდეგ, გერმანიის საფეხბურთო ლიგის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, ბუნდესლიგა და მეორე ბუნდესლიგა 2020 წლის 16 მაისს განაახლოს“, – წერია განცხადებაში, რომელიც გაეგზავნა 36 გერმანულ კლუბს.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ფედერალური მიწების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მოიწონა საფეხბურთო სეზონის განახლების გეგმა და ნება დართო გერმანიის საფეხბურთო ლიგას, თავად აერჩია ბუნდესლიგის დაბრუნების თარიღი.