ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხალხი იტყვის, რომ სუსტი გუნდი დავამარცხეთ #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელი - კმაყოფილი ვარ, მაგრამ ხალხი იტყვის, რომ სუსტი გუნდი დავამარცხეთ #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა შეაფასა ვასილ ლევსკის სტადიონზე საქართველოსთან ამხანაგური შეხვედრა, რომელიც მისმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა.

„კმაყოფილი ვარ, რადგან სასტარტო შემადგენლობაში ცხრა ახალი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებმაც ძალიან კარგად ითამაშეს. მინდა შევაქო ისინი. არც მახსოვს, ბოლოს ბულგარეთის ნაკრებმა ოთხი გოლი როდის გაიტანა“, – განაცხადა იასენ პეტროვმა.

ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით, საქართველოს ნაკრების გოლი წესების დარღვევის შემგდეგ გავიდა:

„ერთი გოლი გაგვიტანეს, მაგრამ მსაჯზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან კამათისთვის ყვითელი ბარათი მივიღე. შედეგით მაინც კმაყოფილი ვარ და გამოჩნდა, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება“.

მან მეტოქეზე დიპლომატიური თავაზიანობით ისაუბრა:

„ახლა ბულგარელები იტყვიან, რომ სუსტი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. მაგრამ დღეს სუსტი გუნდები არ არიან, მათ ასევე კარგი მატჩი ჩაატარეს. არ მომეწონა, რომ გოლი გაგვიტანეს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელები დღეს პატივისცემას იმსახურებდნენ“.

იასენ პეტროვმა მიანიშნა, რომ საქართველოს ნაკრები მის შემუშავებულ ჩანაფიქრზე წამოაგო:

„ზოგადად, ჩვენ თავს კომფორტულად ვგრძნობთ, როდესაც დაცვაში ოთხი ფეხბურთელი გვყავს. ჩვენ ბოლო სამი თამაში ამის გამო საიმედოდ ვითამაშეთ. საერთოდ, ჩვენ ყოველთვის მივმართავთ ხრიკებს და ამან გაამართლა. მთავარია, სექტემბრის მატჩებში გუნდის წევრებს კარგი განწყობა გაუჩნდათ“.