ბუდაპეშტში დღეს ოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ოთხი ქართველი იბრძოლებს #1TVSPORT
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დღეს სტარტს აიღებს ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი, სადაც პირველი და მეორე დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლას დაეთმობა. ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორ წონაში – 97 და 125 კგ. წონით კატეგორიებში უკვე აქვს აღებული ოლიმპიადის ლიცენზიები. ჩვენი ქვეყნისთვის საგზურები 2019 წელს ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ელიზბარ ოდიკაძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს.
ბუდაპეშტში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვა – ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ).
ბექა ბუჯიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყებს გამოსვლას და მისი მეტოქე მაკედონიელი ვლადიმირ ეგოროვი იქნება. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ათანდილ კენჭაძეც საკვალიფიკაციოდან იასპარეზებენ და ისინი უკრაინელ მოჭიდავეებს შეხვდებიან. მერვედფინალური ეტაპიდან დაიწყებს ტურნირზე გამოსვლას სანდრო ამინაშვილი, მისი მეტოქე პოლონელი სებასტიან ჯეზიერანსკი იქნება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:00, ხოლო ნახევარფინალები 21:00 საათზე დაიწყება. ფინალები და მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები კი ხვალ, 19 მარტს გაიმართება.