ბუდაპეშტში პირველ დღეს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი შეეცდება #1TVSPORT
ბუდაპეშტში პირველ დღეს ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებას თავისუფალი სტილით მოჭიდავე ოთხი ქართველი შეეცდება #1TVSPORT

უნგრეთის დედაქალაქში ხვალ, 18 მარტს სტარტს აიღებს ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი, სადაც პირველი და მეორე დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეების გამოსვლას დაეთმობა. შეჯიბრებაში ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. ტურნირზე სპორტსმენები ევროპიდან იქნებიან წარმოდგენილნი და ოლიმპიადის საგზურებს მხოლოდ ფინალში გასული მოჭიდავეები მიიღებენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ორ წონაში – 97 და 125 კგ-ში უკვე აქვს აღებული ოლიმპიადის ლიცენზიები. ჩვენი ქვეყნისთვის საგზურები 2019 წელს ყაზახეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ელიზბარ ოდიკაძემ და გენო პეტრიაშვილმა მოიპოვეს. ბუდაპეშტში საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ოთხი სპორტსმენით გამოვა და ოთხივე ლიზენციის მოპოვებას შეეცდება –  ბექა ბუჯიაშვილი (57 კგ.), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.), სანდრო ამინაშვილი (86 კგ).

ხვალ, 18 მარტს წინასწარი შეხვედრები დილიდან დაიწყება, ხოლო საღამოსთვის უკვე ცნობილი იქნება, ვინ მოიპოვებს ოლიმპიადის საგზურს. ფინალები და მესამე ადგილისთვის ორთაბრძოლები კი 19 მარტს გაიმართება.

20-21 მარტს ტურნირში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან, სადაც ჩვენს ნაკრებს ორ წონაში ოლიმპიადის საგზური უკვე მოპოვებული აქვს და ამ შემთხვევაშიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეების მსგავსად, ჩვენი ბიჭები ოთხი ოლიმპიური საგზურისთვის იბრძოლებენ – ირაკლი ძიმისტარიშვილი (60 კგ.), რამაზ ზოიძე (67 კგ.), გელა ბოლქვაძე (77 კგ.), ლაშა გობაძე (87 კგ.)

ბუდაპეშტის ტურნირი ოლიმპიადის ლიცენზიის მოსაპოვებელი ბოლოსწინა შეჯიბრია. ბოლო ტურნირი კი სოფიაში 6-9 მაისს გაიმართება, სადაც მოჭიდავეები მთელი მსოფლიოდან ჩავლენ და იქაც საგზურებს ფინალისტები მოიპოვებენ.