ბუბა კიკაბიძე - ძალიან ბევრმა დარეკა მოსკოვიდან და მადლობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანაო
ბუბა კიკაბიძე - ძალიან ბევრმა დარეკა მოსკოვიდან და მადლობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანაო

უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძე პარტიის ორგანიზებულ აქცია-კონცერტზე რუსულად შესრულებულ „თბილისოსთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბუბა კიკაბიძემ აღნიშნა, მოხდა ტექნიკური შეცდომა.

„ტექნიკური შეცდომა მოხდა. მე ამას ვმღერი უკრაინაში, მე მაქვს კარგი რუსულენოვანი პროგრამა და უკრაინაში რომ მივდივარ ვმღერი რუსულ ენაზე. ეს ჩემი ბრალია, რომ ავტომატურად ვიმღერე მეორე კუპლეტი რუსულად. სიმღერა არის იმაზე, რომ ასეთი ლამაზი ქვეყანა გვაქვს, უკვე 25-მა კაცმა დარეკა მოსკოვიდან, მითხრეს, რომ ძლივს არ გავიგეთ, შენ რაზე გამოხვედი სცენაზეო. ნუ ნერვიულობენ, მე როგორც კი ომი დაიწყო საქართველოსთან, იმის მერე არც ერთ რუსულ ქალაქში არ ვყოფილვარ. ჩემი განწყობა იციან, თუ ვინმე პატრიოტია, ერთ-ერთი მე ვარ. ხარვეზი მოხდა, მერე რა. ბუბა კიკაბიძე უნდა რუსულად იმღერებს, უნდა ინგლისურად, უნდა ქართულად, მაგრამ ყოველთვის მღერის საქართველოზე, ქართველ ხალხზე, პატარა ქვეყანაზე, რომელზეც გიჟდება ისე უყვარს. ჩემმა მეგობრებმა გაიგეს ეს, ძალიან ბევრმა დარეკა და მადელობები გვითხრეს, რომ ძლივს ქართველისგან გავიგონეთ ჩვენ ენაზე, როგორ უყვართ თავისი ქვეყანა. რა არის აქ ისეთი, რომ ლანძღვა დაიწყონ“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა. რის შემდეგაც ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმღერა, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.