„ბრუკლინი“ ვინს კარტერის სათამაშო ნომერს ხმარებიდან ამოიღებს #1TVSPORT
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბმა „ბრუკლინ ნეტსმა“ გადაწყვიტა ხმარებიდან ამოიღოს მე-15 ნომერი, რომლითაც ამ კლუბში ვინს კარტერი თამაშობდა, – იტყობინება ESPN.
კარტერმა „ნეტსში” 4.5 სეზონი ითამაშა და საშუალოდ მატჩში 23.6 ქულას აგროვებდა. მას ეკუთვნის ერთი სეზონისთვის საკლუბო რეკორდი: 2070 ქულა 2006-07 წლების სეზონში. კარტერი „ბრუკლინის” ყველა დროის მესამე საუკეთესო მექულეა.
კარტერი გახლავთ ერთადერთი კალათბურთელი NBA-ის ისტორიაში, რომელმაც ოთხ სხვადასხვა ათწლეულში ითამაშა, 1999 წელს ის „ტორონტოს“ რიგებში NBA-ის საუკეთესო ახალბედა გახდა. 2004 წელს ვინსი „ნიუ ჯერსიში“ გადავიდა, ხოლო თავისი ბოლო სეზონი 2019-20 წლებში „ატლანტა ჰოქსის“ რიგებში ითამაშა.
ვინს კარტერი გახდება მეშვიდე მოთამაშე „ნეტსის“ ისტორიაში, რომლის ნომერს ხმარებიდან ამოიღებენ. ადრე ასეთი პატივი წილად ხვდათ ჯულიუს ირვინგს, დრაჟენ პეტროვიჩს, ჯეისონ კიდს, ჯონ უილიამსონს, ბილ მელჩიონისა და ბაკუ უილიამსს.