ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი ასლი აიდენთაშბაში – სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შეუძლიათ, ერთობლივად ჩამოაყალიბონ სტაბილურობის კუნძული და ეკონომიკური ბლოკი

17:11, 20.03.2026

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და კეთილდღეობის კუნძულის მიღწევა, ვფიქრობ, კვლავ შესაძლებელია, – ამის შესახებ ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის პროგრამების მკვლევარმა ასლი აიდენთაშბაშმა საქართველოს რადიოს გადაცემა „მსოფლიოს ამბებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიაში კოლოსალური შესაძლებლობები არსებობს.

„ომი, შეიძლება, ბევრი სახიფათო გზით განვითარდეს და გავრცელდეს, მაგრამ შესაძლებლობaც ბევრია. ერთ-ერთი ადგილი, სადაც კოლოსალური შესაძლებლობები არსებობს, სამხრეთ კავკასიაა. სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შეუძლიათ, ერთობლივად ჩამოაყალიბონ სტაბილურობის კუნძული და ეკონომიკური ბლოკი, რომელიც ევროპიდან ცენტრალურ აზიამდე იქნება გადაჭიმული და შეიძლება, ახალი აბრეშუმის გზა გახდეს. უფრო მეტიც, ეს შეიძლება გახდეს შედარებით სტაბილური და ეკონომიკური წესრიგი. რეგიონის ქვეყნები არ უნდა დაელოდონ სომხეთში დაგეგმილ არჩევნებს. ივნისამდე ძალიან დიდი დროა. ვფიქრობ, სწრაფად უნდა იმოქმედონ. მოიწვიონ დიდი ეკონომიკური კონფერენცია და საფუძველი ჩაუყარონ თავისუფალი ვაჭრობის ზონას. თურქეთს შეუძლია სომხეთთან საზღვრის გახსნა, აზერბაიჯანს კი – სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაცია უფრო სწრაფად, სომხეთში კონსტიტუციის ცვლილებების მოლოდინის გარეშე. ვფიქრობ, ეს გამარჯვების ფორმულაა ოთხივე ქვეყნისთვის. მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც, რომლის აქტივები შავი ზღვის რეგიონში ვაჭრობის ნებისმიერი ახალი რეჟიმისთვის ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. სტაბილურობისა და კეთილდღეობის კუნძულის მიღწევა სამხრეთ კავკასიაში, ვფიქრობ, კვლავ შესაძლებელია“, – განაცხადა ასლი აიდენთაშბაშმა.

ამავე ინტერვიუში აიდენთაშბაშმა ისაუბრა სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომზე. მისი თქმით, ვენესუელის სცენარის გამეორება ირანში, პრაქტიკულად, გამორიცხულია და ტრამპის ადმინისტრაციაში მოვლენების განვითარება ვერ გათვალეს.

„ვენესუელის ვარიანტი ამჟამად გამორიცხულია. ირანის რეჟიმი მტკიცედ არის გამაგრებული და ბევრად მეტი გამძლეობა გამოავლინა, ვიდრე პრეზიდენტ ტრამპს ეგონა. ნათელი იყო, რომ ომის დაწყებისას ის ვარაუდობდა სწრაფ, ოთხდღიან ოპერაციას. შესაძლოა, ფიქრობდა, რომ აიათოლა ხამენეის გაუვნებელყოფის ოპერაციას მოჰყვებოდა მოლაპარაკებები, იქნებოდა „ვენესუელური ოცნების“ მსგავსი სცენარი, მაგრამ თავიდანვე ცხადი იყო, რომ რეჟიმი ბევრად უფრო მედეგი იქნებოდა და მხოლოდ დაბომბვით მისი შეცვლა შეუძლებელია.

ირანელები არა წლების, არამედ ათეული წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ამ მომენტისთვის. შექმნეს სტრუქტურები და აშშ-ისრაელის ომის საწინააღმდეგო მოქმედების გეგმები. ვფიქრობ, პრეზიდენტ ტრამპს ეს გათვალისწინებული არ ჰქონდა. სწრაფი გაუვნებელყოფის ოპერაციის წარმატებამ ვენესუელაში მას აფიქრებინა, რომ ამ შაბლონს გამოიყენებდა ირანშიც. ეს სერიოზული შეცდომა აღმოჩნდა. ვფიქრობ, ტრამპი ამ ეტაპზე გამოსავლის ძებნას დაიწყებს. ნამდვილად არ ვიცი, შესთავაზებენ თუ არა ირანელები მას რამეს, რასაც ის გამარჯვებად წარმოაჩენს – არა რეჟიმის ცვლილებას, არამედ რეჟიმის გარდაქმნას, მაგრამ ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი შეთანხმების შემთხვევაშიც კი ირანის რეჟიმი შენარჩუნდება და განმტკიცდება კიდეც“, – განაცხადა აიდენთაშბაშმა.

ბრუკინგსის ინსტიტუტის საგარეო პოლიტიკის პროგრამების მკვლევარ ასლი აიდენთაშბაშთან ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ „საქართველოს რადიოს“ ეთერში, ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.

მსგავსი