ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში შეხვდებიან. მინისტერიალის მთავარი თემა ლონდონში 4-5 დეკემბერს დაგეგმილი ლიდერების შეხვედრისთვის მზადებაა. როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე „ნატო“-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მიუხედავად ალიანსის შიგნით არსებული უთანხმოებისა, „ნატო“ ბოლო 70 წლის განმავლობაში გაძლიერდა და მილიარდზე მეტი ადამიანის უსაფრთხოებას იცავს.
როგორც იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე „ნატო“-ს მოკავშირეები ჰაერთან, ხმელეთთან და ზღვასთან ერთად, ნატო-ს ოპერაციულ სფეროდ კოსმოსსაც დაასახელებენ. ამასთან, სტოლტენბერგის თქმით, ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს.
მინისტრები ასევე განიხილავენ „ნატო“-ს როლს ტერორიზმთან ბრძოლაში. ალიანსის მიდგომას რუსეთის მიმართ, ჩინეთის აღზევების საკითხს, ენერგოუსაფრთხოებასა და შეიარაღების კონტროლის მომავალს.
როგორც „ნატო“-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ორგანიზაცია არის ერთადერთი ფორუმი, რომელიც ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას აერთიანებს და სტრატეგიული უსაფრთხოების გამოწვევებზე პასუხის გაცემა შეუძლია.