ბრიუსელში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. „ბიბისის“ ინფორმაციით, ბრიუსელის ქუჩებში რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი გამოვიდა და კოვიდპასპორტების შემოღება გააპროტესტა.
დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ე.წ. ფოიერვერკები ესროლეს, პოლიციამ კი აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ვრცელდება ინფორმაცია დემონსტრანტების დაკავების შესახებ. 35 000-მდე დემონსტრანტმა ბრიუსელში აქციაზე გაშლილ ბანერზე განათავსა წარწერა – „ერთად თავისუფლებისთვის“. რამდენიმესაათიანი აქციისა და შეტაკებების შემდეგ, ბრიუსელში აქცია დაიშალა.
ბელგიაში ნიღბების ტარების წესები გამკაცრდა, მათ შორის ისეთ ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, სადაც კოვიდსაშვი უკვე საჭიროა. ბელგიელების უმეტესობას ასევე მოუწევს სახლიდან მუშაობა კვირაში ოთხი დღე დეკემბრის შუა რიცხვებამდე. ასევე, იგეგმება ჯანდაცვის მუშაკებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია.