ბრიუსელში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარებას ითვალისწინებს
ბრიუსელში ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარებას ითვალისწინებს

ბრიუსელში, საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით დაგეგმილი უმაღლესი დონის პირველი შეხვედრის ფარგლებში, 21 ნოემბერს ხელი მოეწერება რამდენიმე შეთანხმებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება საერთო ჯამში საქართველოსთვის 231 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

კერძოდ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორი საფინანსო დოკუმენტი „უნარების განვითარების მხარდაჭერა“ და „ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოში“ გაფორმდება, რისთვისაც ჯამში 97 მილიონ ევრომდე დახმარება გამოიყოფა.

ასევე, საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, 21 ნოემბერს ხელი მოეწერება კიდევ ერთ დოკუმენტს საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარების ერთიანი ჩარჩო პროგრამის 2018 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე, რაც ითვალისწინებს 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას.

დოკუმენტებს ხელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი მოაწერენ.

„ვიზიტი განსაკუთრებულია იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უპრეცენდენტო ფორმატი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის. ეს არის უმაღლესი დონის შეხვედრა ევროკავშირის კომისიასა და საქართველოს მთავრობას შორის უმაღლეს დონეზე. მსგავსი სახის ფორმატი არც ერთ აღმოსავლეთპარტნიორობის ქვეყანას არ გააჩნია. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ ვისაუბროთ მომავალზე, იმ ახალ იდეებზე და წინადადებებზე, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას.

მექნება გამოსვლა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე, სადაც ევროპარლამენტარებს გავაცნობ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, იმ რეფორმებს, რომლებსაც საქართველო ახორციელებს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ასევე, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების კუთხით და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრაც ასევე კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოვაჩინოთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების წინაშე”,- განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლესი დონის შეხვედრა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი გახსნიან, რის შემდეგაც გაიმართება თემატური დისკუსიები.

ფორმატი ასევე ითვალისწინებს სექტორული ხასიათის შეხვედრებს საქართველოს მთავრობის წევრებისა და ევროკომისრების მონაწილეობით.

პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, პრემიერ-მინისტრის გამოსვლა კარნეგის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და გაიმართება მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის გამოსვლა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.