დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გამო ორზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა სპეციალური სატელევიზიო მიმართვის დროს განაცხადა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხალხმა სახლი მხოლოდ ლიმიტირებული მიზნებისთვის უნდა დატოვოს.
„ჩვენ ყველამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. დატოვეთ სახლი მხოლოდ ლიმიტირებული მიზნებისთვის. გარეთ უნდა გახვიდეთ მსოლოდ სამედიცინო პრეპარატის ან საკვების საყიდლად ან სამსახურში წასავლელად. თქვენ არ უნდა შეხვდეთ მეგობრებს. არ უნდა შეხვდეთ ოჯახის წევრებს, თუ თქვენთან არ ცხოვრობენ. თუ ამ წესებს დაარღვევთ, პოლიციას ექნება დაჯარიმების უფლებამოსილება. ჩვენ დავამარცხებთ კორონავირუსს და ამას ერთად გავაკეთებთ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სპეციალური მიმართვის დროს.
ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ აქამდე ქვეყნის არც ერთ პრემიერ-მინისტრს მსგავსი ზომებისთვის არ მიუმართავს.
ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის 5 911 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 335 ადამიანი.