ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა „ბიბისი“ გააკრიტიკა, რომ „ჰამასის“ წევრებს ტერორისტებს არ უწოდებს, „ბიბისიში“ კი აცხადებენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი მიდგომით, ტერმინ „ტერორისტს“ არ იყენებენ
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა „ბიბისი“ გააკრიტიკა, რომ „ჰამასის“ წევრებს ტერორისტებს არ უწოდებს, „ბიბისიში“ კი აცხადებენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მოქმედი მიდგომით, ტერმინ „ტერორისტს“ არ იყენებენ

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, გრანტ შაპსმა მკაცრად გააკრიტიკა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგანაც „ბიბისის“ ჟურნალიტები „ჰამასის“ წევრებს ტერორისტებად არ მოიხსენიებენ. მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა „სამარცხვინოს ზღვარზეა“. შაპსმა ურჩია „ბიბისის“, „გაასწოროს მორალური კომპასი“.

„„ჰამასის“ წევრები არ არიან თავისუფლებისთვის მებრძოლები. ისინი არიან ტერორისტები და გასაოცარია, როდესაც „ბიბისის“ ვებგვერდზე ისევ ხედავ საუბარს შეიარაღებულ პირებზე, მებრძოლებზე და მათ ტერორისტებს არ უწოდებენ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ოფიციალურად აღიარებს „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად. „ბიბისის“ პოლიტიკის გადახედვისკენ ასევე მოუწოდეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ და კულტურის მინისტრმა, ლუსი ფრეიზერმა.

საპასუხოდ „ბიბისიში“ განაცხადეს, რომ ტელეკომპანიას აქვს დიდ ხნის განმავლობაში მოქმედი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ჟურნალისტები ტერმინ „ტერორისტს“ არ იყენებენ.

„ყველა, ვინც გვიყურებს ან გვისმენს, გაიგებს სიტყვას „ტერორისტი“, რომელსაც ბევრჯერ მოისმენთ – ჩვენ მას მივაკუთვნებთ მათ, ვინც ამ სიტყვას იყენებს, მაგალითად, დიდი ბრიტანეთის მთავრობას. „ბისისის“ სარედაქციო პოლიტიკა არის დამოუკიდებელი, რომლის საქმეც არის, ახსნას, რა ხდება ადგილზე, რომ ჩვენმა აუდიტორიამ თავად გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესსპიკერმა.

„ბიბისის“ ვეტერანი კორესპონდენტის, ჯონ სიმპსონის თქმით, „თუ ვინმეს ტერორისტს უწოდებ, ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთ მხარეს ირჩევ“. მისივე თქმით, „ბიბისის“ საქმეა, წარმოადგინოს ფაქტები და მისცეს საშუალება აუდიტორიას, თავად გააკეთოს შეფასება.