ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, ლონდონბრიჯზე თავდამსხმელი ტერორიზმისთვის ნასამართლევია
ლონდონბრიჯის თავდამსხმელი ტერორიზმის ბრალდებით ნასამართლევი პირია. ამის შესახებ „ბიბისი“ ბრიტანეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 28 წლის უსმან ხანს ტერორიზმში ბრალდების გამო 2012 წელს პატიმრობა მიესაჯა, 2018 წლის დეკემბერში კი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.
დიდ ბრიტანეთში არსებული კანონის მიხედვით, ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში, მსჯავრდებულმა სხვადასხვა პირობა უნდა შეასრულოს. მათ შორის არის ელექტროსამაჯურის ტარება, რათა მისი მუდმივი მონიტორინგი განხორციელდეს. ამიტომ, ახლა პოლიცია ცდილობს დაადგინოს, როგორ მოხერხდა მსგავსი ტიპის რეციდივი.
ლონდონში ტერორისტული თავდასხმა 29 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 13:58 საათზე დაიწყო. როგორც „ბიბისი“ იუწყება, თავდამსხმელი კემბრიჯის უნივერსიტეტის კონფერენციას ესწრებოდა, სადაც ათობით ახალგაზრდა იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, ბოროტმოქმედმა თავდასხმა სწორედ ამ კონფერენციაზე დაიწყო, შემდეგ კი ლონდონბრიჯზე განაგრძო. მან ცივი იარაღით ორი ადამიანი მოკლა, სამი კი დაჭრა. მისი შეკავება ხიდზე მყოფმა მოქალაქეებმა სცადეს, რის შემდეგაც ადგილზე მალევე მივიდა პოლიცია. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, თავდამსხმელი სამართალდამცველებს არ ემორჩილებოდა, ამიტომ პოლიციამ მისი ადგილზე ლიკვიდირება მოახდინა.