ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ RAF Fairford-ის სამხედრო ბაზაზე მომხდარ ინციდენტში ირანი მონაწილეობდა
ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ ირანი მონაწილეობდა RAF Fairford-ის ინციდენტში, რასთან დაკავშირებითაც ხუთი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბარნემმა განაცხადა.
დაკავებულები მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
კითხვაზე, რატომ გაათავისუფლეს ეჭვმიტანილები გირაოს სანაცვლოდ, ენდი ბარნემმა აღნიშნა, რომ მათზე „გირაოს უმკაცრესი პირობები“ ვრცელდება და დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას ეს საქმე „მკაცრი კონტროლისა და მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ“ აქვს.
ბერნემმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა მთელი კვირის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებში კოლეგებთან, რათა აეხსნა, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რომ სრული ნდობა აქვს ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურების მიმართ.
„ამის შესახებ მოგვიანებით უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, თუმცა შეგვიძლია, დავადასტუროთ ჩვენი მოსაზრება, რომ ირანმა ამაში გარკვეული როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, საქმე ეხება პოლიციის მიმდინარე, რთულ და სერიოზულ გამოძიებას. ცხადია, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენს კოლეგებთან“, – განაცხადა ენდი ბერნემმა.
ხუთი მამაკაცი 27 სექტემბერში დააკავეს მას შემდეგ, რაც პოლიციას შეატყობინეს უელფორდში, სამხედრო ბაზის სიახლოვეს მდებარე სოფელში „სამი საეჭვო ავტომობილის“ შესახებ. დაკავებულები 23-დან 25 წლამდე ასაკის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან. ოთხი მათგანი ვესტმინსტერში ცხოვრობს, ერთი კი — კამდენში. მათი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა უკვე დასრულებულია.
ირანი დაკავებულებთან კავშირს და ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს.
RAF-ის ბაზას აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ათწლეულების განმავლობაში მოწინავე ოპერატიულ პუნქტად იყენებდნენ. ბოლო თვეებში ამერიკული ბომბდამშენები აღნიშნული ბაზიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით აფრინდნენ მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დააკმაყოფილა აშშ-ის თხოვნა ბაზის გამოყენების შესახებ, იმ მიზნით, რასაც ბრიტანულმა მხარემ ირანის წინააღმდეგ მიმართული თავდაცვითი დარტყმები უწოდა.