დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

22:30, 28.09.2026

დიდ ბრიტანეთში, ავიაბაზასთან მომხდარ ინციდენტზე დაკავებული ხუთივე ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელმა, ლორენს ტეილორმა განაცხადა, რომ მამაკაცები, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულისა და ტერორისტული აქტის დაგეგმვის ეჭვის საფუძველზე დააკავეს, მკაცრი გირაოს პირობებით გათავისუფლდებიან.

„ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება დასრულდა. ისინი კვლავ გამოძიების ფარგლებში რჩებიან, რადგან გამოძიების რამდენიმე მიმართულებას ვამუშავებთ“, – განაცხადა ტეილორმა ლონდონის პოლიციის შტაბის წინ.

ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელის თქმით, გამოძიება ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს, მათ შორის, ხომ არ დგანან თავდასხმის უკან უცხო ქვეყნის სასარგებლოდ, გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მოქმედი პირები.

მედიის ცნობით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული ხუთივე მამაკაცი ლონდონში მცხოვრები 20-დან 25 წლამდე ასაკის ბრიტანეთის მოქალაქეა. მათ შესახებ პოლიციაში ადგილობრივმა ფერმერმა განაცხადა, რომელმაც სამართალდამცველებს RAF Fairford-სკენ მიმავალი სამი ფურგონის შესახებ შეატყობინა. საუბარია ბრიტანულ სამხედრო ბაზაზე, სადაც აშშ-ის ბომბდამშენებია განთავსებული და ისინი ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მისიებს ასრულებენ.

მსგავსი