საქართველოს მასტერ ლიგის გამარჯვებული „ბრიჯია“. წელს დაარსებულმა გუნდმა ფინალში თბილისის მერიის გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ჯილდოს პირველად დაეუფლა.
ფინალურ ეტაპი კაჭრეთის „ამბასადორის“ სტადიონზე გაიმართა და მოედანზე ახლო წარსულში ბევრი ცნობილი მოთამაშე გავიდა – კახა კალაძე, ალექსანდრე იაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ნავალოვსკი, ირაკლი კლიმიაშვილი, ლაშა თოთაძე, შოთა კაშია, გიორგი განუგრავა, გიორგი კახელიშვილი, გიორგი კიკნაძე უმცროსი, გიორგი ნადირაძე, გიორგი ივანიშვილი.
ფინალისტები დილით გაირკვა. ნახევარფინალში „ბრიჯმა“ დამაჯერებლად მოუგო „წყალტუბოს“ – 4:0. თბილისის მერიას კი დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდთან, 1:3 აგებდა, მაგრამ კახა კალაძის გუნდმა თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ 5:4 მოიგო.
ფინალში ანგარიში კახა კალაძემ გახსნა და ანაგარიშზე 36-ე გოლი ჩაიწერა. პირველი ტაიმის ბოლო წამზე 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით „დინამო თბილისის“ ყოფილმა კაპიტანმა, ლაშა თოთაძემ წონასწორობა აღადგინა. შესვენებამდე 1:1 დაფიქსირდა და ანგარიში აღარ შეცვლილა.
გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების (ბულიტების) სერია, რომელიც უკეთესად „ბრიჯმა“ შეასრულა და მასტერ ლიგის გამარჯვებული პირველად გახდა.