მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო - საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდება #1TVSPORT
მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო - საქართველოს ნაკრები პირველ მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდება #1TVSPORT

დღეს საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

მასტერლიგის (6×6-ზე ფეხბურთი) მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრამ საქართველოს ნაკრები (მთავარი მწვრთნელი როსტო ფარცვანია) K ჯგუფში მოახვედრა, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქეები შოტლანდიის, მაროკოსა და ირლანდიის ნაკრებები არიან.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული შედეგით მოიპოვა. მოლდოვის დედაქალაქ კიშინეუში გამართულ ტურნირზე გუნდმა ნახევარფინალამდე გააღწია და ოთხეულში მოხვდა.

მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ისეთი გამოცდილი მოთამაშეები თამაშობენ, როგორიც „დინამო თბილისის“ ყოფილი კაპიტანი ლაშა თოთაძე, ფუტსალის ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეები, შოთა თოფურია და დავით ბობოხიძე, „ლოკომოტივის“ და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი წევრები, გიორგი დუმბაძე და გიორგი კიკნაძე არიან.

მასტერლიგის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ქალაქ ესენში 2 ივნისს დაიწყო და 11 ივნისს დასრულდება. ტურნირი ესენის მთავარ მოედანზე სპეციალურად აშენებულ სტადიონზე იმართება. ჩემპიონატში 40 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველო მსოფლიო თასისთვის პირველად იბრძოლებს.