ბრაზილიელი ბიჭი დღეში 2 000 ქოქოსს აგროვებს და 12 კილომეტრს გადის ვარჯიშზე მისაღწევად, მას კაზემირომ და დანი ალვეშმა დაუჭირეს მხარი
ბრაზილიელი ბიჭი დღეში 2 000 ქოქოსს აგროვებს და 12 კილომეტრს გადის ვარჯიშზე მისაღწევად, მას კაზემირომ და დანი ალვეშმა დაუჭირეს მხარი

მოკრძალებული ბრაზილიური კლუბის, „პეტროლინას“ 19 წლის ნახევარმცველის, გლეისონის ისტორიის შესახებ ბრაზილიის მედიამ ქვეყნის უმსხვილესი ახალგაზრდული ტურნირის, სან პაულუს თასის დროს შეიტყო. გლეისონის გუნდმა ტურნირზე ყველა მატჩი წააგო, მაგრამ ეს ბიჭი ყველას დაამახსოვრდა. იმდენად, რომ დაბრუნების შემდეგ, ის ძირითადში გადაიყვანეს. „ის ერთგული ბიჭია, რომელიც ბოლომდე იხარჯება ვარჯიშებზე. დარწმუნებული ვარ, რომ მალე ის დიდ კლუბში ითამაშებს“, – თქვა მწვრთნელმა ჰიგორ სეზარმა.

გლეისონი მართლაც შრომისმოყვარეა. ყოველდღე, დილის ხუთი საათიდან იწყებს მუშაობას, ეხმარება მამასა და ბიძას. ის ყოველდღიურად აგროვებს, ასუფთავებს და ტვირთავს დაახლოებით 2000 ქოქოსს, რისთვისაც დღეში 40 რიალს (დაახლოებით 8 ევრო) იღებს. და ეს ფულიც, ძირითადად, სახლის ხარჯებზე მიდის – გლეისონის მშობლები გაყრილები არიან, ამიტომაც ეხმარება დედას, რომელიც მის სამ უმცროს ძმას ზრდის. „სამუშაო აქ ძალიან მძიმეა. ზურგზე მუდმივად ქოქოსის ჩანთა მაქვს გადაკიდებული. მე აქ იმიტომ ვარ, რომ დავეხმარო მამას, ბიძასა და ოჯახს“.

მინდორში მუშაობის შემდეგ, გლეისონი სადილობს და ვარჯიშზე მიდის. ავტობუსის ფული ხშირად არ აქვს, ამიტომაც 12 კილომეტრი სირბილი უწევს 30-გრადუსიან სიცხეში.

ბიჭის მამაც ოდესღაც საფეხბურთო კარიერაზე ოცნებობდა, მაგრამ მოზარდ ასაკში ტრავმა მიიღო. მთელი ცხოვრება მან ქოქოსების შეგროვებას მოანდომა. გლეისონის დედაც მინდვრებში მუშაობს. ბიჭს ყველაფრის შეცვლა სურს: „ვოცნებობ, გავხდე ფეხბურთელი და ოჯახს კარგი ცხოვრება მივცე. ისინი მინდვრებიდან გამოვიყვანო“.

დამწყებ ფეხბურთელს აღმაფრენას აძლევს კაზემიროს მაგალითი: „ის არის ბიჭი, რომელიც მონდომებით მუშაობს. ზიდანი მასზე ამბობს, რომ ის „რეალის” მთავარი მოთამაშეა”.

კაზემირომ შეიტყო გლეისონის ისტორიის შესახებ, მას „რეალის“ მაისური და ვიდეომიმართვა გაუგზავნა. „შენ შეგიძლია გაიარო 12, 15 ან 20 კილომეტრი, მაგრამ შენ უნდა იარო შენი ოცნებისკენ“, – უთხრა ახალგაზრდა ბრაზილიელს კაზემირომ.

დანი ალვეშმა, რომელიც გლეისონის მსგავსად, ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში იზრდებოდა, ასევე გაუგზავნა ბიჭს მაისური და შეტყობინება. „მინდა იცოდე – ჩვენთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა იმის გაცნობიერება, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აფასებენ ჩვენს საქმეს“, – თქვა ალვეშმა.