ბრაზილიაში ფეხბურთელს მსაჯზე თავდასხმისთვის 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება #1TVSPORT
მძიმე ინციდენტი მოხდა შტატ რიო გრანდეს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის (ბრაზილიური ფეხბურთის მეექვსე დონე) მატჩში, რომელშიც ვენანსიო-აირესის „გუარანი“ და რიო-გრანდეს „სან პაოლო“ ხვდებოდნენ.
მე-60 წუთზე ფეხბურთელმა ვილიამ რიბეირომ თავისი მისამართით ჯარიმა გააპროტესტა, მაგრამ პასუხად არბიტრ როდრიგო კრიველიაროსგან ყვითელი ბარათი მიიღო. ამან გააცოფა ფეხბურთელი – მან ჯერ ხელი დაარტყა მსაჯს და წააქცია, შემდეგ თავში წიხლი დაუმატა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მსაჯი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რიბეირო კი პირდაპირ მინდორზე დააპატიმრეს.
ინციდენტის მომენტში რიბეიროს კლუბი „სან პაოლო“ 0:1-ს აგებდა.
ბრაზილიის პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ESPN წერს, რომ ვილიამ რიბეიროს 20-წლიანი პატიმრობა ელოდება. „სან პაოლომ“ უკვე გაწყვიტა ფეხბურთელთან კონტრაქტი.