ბრალდებული აკაკი კობალაძე - ჩემში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, რომ ამ ქვეყანაშიც შესაძლებელია სამართლის მიღწევა
ბრალდებული აკაკი კობალაძე - ჩემში იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, რომ ამ ქვეყანაშიც შესაძლებელია სამართლის მიღწევა

სამართლებრივად უძლური იყო ბრალდება, რაც შეთხზეს, მიუხედავად ამისა, ძალინ გაკვირვებულია ვარ, რომ დღეს გირაოთი გამოგვიშვეს, – ამის შესახებ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აკაკი კობალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აბსოლუტურად უძლური იყო სამართლებრივად ის ბრალდება, რაც შეთხზეს, მიუხედავად ამისა ძალინ გაკვირვებულია ვარ, რომ დღეს ასე გადაწყდა და გამოგვიშვეს 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებით.

ჩემში სამართლისადმი იმედის ნაპერწკალმა გაიელვა, რომ შესაძლებელია ამ ქვეყანაშიც სამართლის მიღწევა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს“,- განაცხადა ბრალდებულმა აკაკი კობალაძემ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.