ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე - ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, საერთოდ არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას
ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე - ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, საერთოდ არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას

ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე, საერთოდ არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, აკაკი ხუსკივაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ეს იყო თეთრი ძაფით ნაკერი საქმე. რომ არა საზოგადოების ამხელა მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრების, პოლიტიკური პარტიების და არასამთავრობოების მხრიდან, რა თქმა უნდა, მედიის მხრიდანაც, დღეს პატიმრობა გირაოთი არ შეიცვლებოდა. საერთოდ არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“,- განაცხადა აკაკი ხუსკივაძემ.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, თედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის გადაწყვეტილებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

ხუსკივაძეს და კობალაძეს ბრალად ედებათ ჯგუფურად განხორციელებული იძულება, მუქარა და ქრთამის მიცემა, ასევე, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილი 7 ნოემბერს გარდაიცვალა.