ბოსნიური გამოცემა საქართველოს ნაკრებზე - ბოლო სამი თამაში მოიგო და ძლიერი მეტოქეა #1TVSPORT
ბოსნიური გამოცემა საქართველოს ნაკრებზე - ბოლო სამი თამაში მოიგო და ძლიერი მეტოქეა #1TVSPORT

ბოსნიასთან საქართველოს ნაკრების შეხვედრას ბოსნიურმა გამოცემა „რეპრეზენტაციამ“ წერილი მიუძღვნა, სადაც „ჯვაროსნების“ ბოლოდროინდელი გამოსვლები მიმოიხილა.

„პარასკევს, ბოსნიის ნაკრები ზენიცაში საქართველოს წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ეს იქნება პირველი მატჩი კარგ გუნდთან. მით უმეტეს, რომ მას მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ლეგენდა ხელმძღვანელობს. მეტიც, ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ბოლო დროს ძალიან კარგად თამაშობს და ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. ეს აჩვენებს, რომ საქართველო კარგი გუნდია და ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო მეტოქე იქნება.

გასულ ოქტომბერში ჩვენმა მეტოქემ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე კოსოვო სტუმრად 2:1 დაამარცხა. ნოემბერში მათ დიდი სიურპრიზი მოაწყვეს და შინ 2:0 სძლიეს შვედეთს. შედეგი დასაფასებელია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პირველივე წუთებიდან მოედანზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო. მესამე იყო გამარჯვება უზბეკეთთან – 1:0.

საქართველოს ნაკრები ფიფა-ს სიაში ამჟამად 86-ე ადგილზეა, ბოსნია და ჰერცეგოვინა კი 59-ზეა. ბოსნიის ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობა პიანიჩის გარეშე დაახლოებით 60 მილიონი ევრო ღირს, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდი – დაახლოებით 40“, – წერს გამოცემა.

რეპრეზენტაციამ“ საქართველოში მოთამაშე ერთადერთი ბოსნიელი ფეხბურთელის, ქუთაისის „ტორპედოს“ მეკარის, დინო ჰამზიჩის კომენტარიც მოიშველია:

„ქართველებმა ააშენეს ბევრი ახალი სტადიონი. ბათუმის ახალი ნაგებობა „ბაიერნის“ არენას წააგავს, ფენომენალური სტადიონია. საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ ორი-სამი ახალი სტადიონი შენდება. კარგი ის არის, რომ სახელმწიფო და ფედერაცია გუნდებს ფინანსურად ძალიან ეხმარება. სფფ ფარავს ფეხბურთელთა ხელფასის ნაწილს და გუნდებს მოპოვებულ ქულებზე ბონუსებს უხდის“.

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.