ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან ფავორიტები მხოლოდ ქაღალდზე ვართ, ეს კარგი ნაკრებია #1TVSPORT
ბოსნიის ნაკრების მწვრთნელი - საქართველოსთან ფავორიტები მხოლოდ ქაღალდზე ვართ, ეს კარგი ნაკრებია #1TVSPORT

ჟენიცაში, საქართველოსთან ამხანაგური მატჩის წინა დღეს, ბოსნიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივაილო პეტევმა პრესკონფერენცია გამართა. მან თავიდანვე განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ვინ ითამაშებს პირველი წუთიდან.

„ხვალ გადავწყვეტთ, ვინ ითამაშებს საქართველოსთან. ფეხბურთელები სერიოზულად ემზადებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რომ გავიმარჯვოთ. დიდი ალბათობით, იგივე სისტემით ვითამაშებთ, როგორც წინა მატჩებს. ჩვენ ამ სქემას შევეჩვიეთ. ვეცდებით შევამციროთ შეცდომები“, – განაცხადა პეტევმა.

მან კომენტარი გააკეთა ჟენიცაში მდებარე სასწავლო ცენტრში არსებულ პირობებზე:

„აღფრთოვანებული ვარ ჟენიცას სასწავლო ცენტრში არსებული პირობებით. ვწუხვარ, რომ ეს ბაზა შარშან არ გამოვიყენეთ და ამით დიდი შეცდომა დავუშვით. ასევე აღფრთოვანებული ვარ ფეხბურთელების მუშაობით. გვაქვს ხარისხი, ჩვენ ეს თამაშების უმეტესობაში ვაჩვენეთ, ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”.

პეტევმა საქართველოს ნაკრები შეაქო:

„ქართველებს კარგი გუნდი და მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავთ. მაგრამ მთავარია, ჩვენ თავად როგორ ვითამაშებთ. მეტოქეს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა, საინტერესო და რთული მატჩის მოლოდინში ვარ. ნახეთ აფრიკის ერთა თასის მატჩი სენეგალსა და კომორის კუნძულებს შორის. წინასწარ ამბობდნენ, რომ ანგარიში 40:0 იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ სენეგალმა მოგება მხოლოდ 92-ე წუთზე გატანილი გოლით იზეიმა. ფეხბურთს თამაშობენ მოედანზე, ფავორიტი კი მხოლოდ ქაღალდზე ვართ. უნდა ვითამაშოთ პროფესიონალურად და პასუხისმგებლობით“.

დასასრულ, პეტევმა „ინტერის“ მწვრთნელის სიმონე ინძაგის განცხადებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც უკმაყოფილო იყო ედინ ჯეკოს მიწვევით საქართველოსა და ლუქსემბურგთან ამხანაგურ მატჩებზე:

„ჯეკო ჩვენი კაპიტანი და ლიდერია, მიუხედავად იმისა, ამხანაგური მატჩია თუ არა, ჯეკო გვჭირდება. მან ითამაშა „მილანთან“ და შემდეგ ტრავმის გამო ჩვენთან წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში გამოტოვა“.