ბოსნია და ჰერცეგოვინა VS საქართველო | ანელ აჰმედჰოჯიჩი - საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს და მოგება შეგვიძლია #1TVSPORT
ბოსნია და ჰერცეგოვინა VS საქართველო | ანელ აჰმედჰოჯიჩი - საქართველოზე უკეთესი გუნდი გვყავს და მოგება შეგვიძლია #1TVSPORT

პარასკევს, 25 მარტს, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ჟენიცაში ამხანაგურ მატჩს გამართავენ. ბოსნიის ნაკრებისა და „ბორდოს“ ცენტრალურმა მცველმა ანელ აჰმედჰოჯიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

„რთული მატჩი გველის. საქართველოში კარგი ფეხბურთელები არიან და შეუძლიათ პრობლემები შეგვიქმნან. გავაანალიზეთ მათი თამაში და დავინახეთ, რომ კარგი გუნდია. თუმცა, შეგვიძლია გავიმარჯვოთ, რადგან უკეთესი გუნდი ვართ“, – ამბობს ანელ აჰმედჰოჯიჩი.

მან მოსამზადებელ გარემოზეც ისაუბრა:

„პირველად ვარ ჟენიცაში. აქ ყველაფერი უმაღლეს პროფესიონალურ დონეზეა. გვაქვს ყველაფერი, რაც მოსამზადებლად გვჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ მშვიდი გარემო გვქონდეს. ვფიქრობ, კარგი იქნება, რომ მომავალშიც აქ მოვემზადოთ“.

ბოსნიელთა მცველს საქართველოსთან და ლუქსემბურგთან მოგების იმედი აქვს:

„საქართველოსა და ლუქსემბურგის წინააღმდეგ ორი თამაში გვაქვს და ეს არის ჩვენთვის შანსი, ორჯერ გავახაროთ გულშემატკივრები. ვფიქრობ, ატმოსფერო ბევრად უკეთესი იქნება, თუ გავიმარჯვებთ“.

ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნაკრების ამხანაგური მატჩი ქალაქ ჟენიცაში 25 მარტს, 23:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.