ბორჯომში სტადიონის განახლება იწყება, ხაშურში - გრძელდება
ბორჯომში სტადიონის განახლება იწყება, ხაშურში - გრძელდება

ბორჯომის ცენტრალური სტადიონი მალე განახლდება და რეგიონს თანამედროვე საფეხბურთო ცენტრი ექნება, – ინფორმაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გაავრცელა.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია, მიმდინარე წელს ცენტრალური საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაციას გეგმავს. იგეგმება საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“, – წერია ბორჯომის მუნიციპალიტეტის გვერდზე.

საფეხბურთო მოედანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მოინახულეს და დაგეგმილ სამუშაოებს გაეცნენ.

ამავე დროს, ცნობილი გახდა, რომ ხაშურში, ცენტრალური – ივერიის სტადიონის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სტადიონის ტრიბუნის მოწყობა. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სტადიონი, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 183 407 ლარს შეადგენს.