„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები მსვლელობას მართავენ
„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები მსვლელობას მართავენ

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცული თანამშრომლები მსვლელობას მართავენ.

თანამშრომლები მეორე ქარხნის ტერიტორიაზე მიდიან, რომელიც დაახლოებით სამი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ადგილზე ამ ეტაპზე მეორე ქარხანა შენდება.

ქარხნის გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც კომპანიასა და თანამშრომლებს შორის შეთანხმება არ შემდგარა, მეორე ქარხნის მშენებლობის გაგრძელების აზრს ვერ ხედავენ.

„ბორჯომის“ ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებს „აზოტის“ ქარხნის ერთ-ერთი თანამშრომელი შეუერთდა და აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა. მისი თქმით, ხვალ ბორჯომში გაფიცულებს „აზოტის“ ქარხნის ათეულობით თანამშრომელი შეუერთდება.

„წარმოვადგენ „აზოტის“ თანამშრომლების ხმას. სასაცილო ფაქტია, რომ კომპანიას აქციის მონაწილეებთან საუბარი პროფკავშირების მონაწილეობის გარეშე სურს. საჭიროა დიალოგი, რასაც ისინი არ აპირებენ. პროფკავშირები იცავს ამ ადამიანების ღირსეულ შრომას. „აზოტის“ თანამშრომლები მხარს უჭერენ კომპანია „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს. ხვალ, ყველა აქ ჩამოვა და 16:00 საათზე აქციას შეუერთდებიან. აქციის მონაწილეებს სოლიდარობას ვუცხადებთ“, – განაცხადა „აზოტის“ ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გიორგი ტყემალაძემ.

ასევე, კომპანია „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლების აქციას შეუერთდა „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძე.

„რკინიგზის პროფკავშირები უერთდება „ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლების გაფიცვას. პრობლემა სერიოზულია მთლიანად ქვეყანაში. კონკრეტულად ამ ქარხანას არანაირი პრობლემა არ აქვს, რომ ადამიანებს ხელფასები გაუზარდოს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, გონს მოეგონ და ხელფასები მოუმატონ თანამშრომლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი საქართველო გაერთიანდება. უფრო და უფრო გავაძლიერებთ სოლიდარობას, მხარდაჭერას, რაც აუცილებლად შედეგით დასრულდება. დროა, გონს მოეგონ, რათა არ გამწვავდეს სიტუაცია. აქ ორი აზრი არ არსებობს. ამ ადამიანების ხელფასი, მათი მსყიდველუნარიანობა არის კრიტიკულ მინიმუმამდე. ჩვენ, პროფკავშირები მზად ვართ, ამ ადამიანების გვერდში ვიდგეთ ბოლომდე“, – განაცხადა „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ თავმჯდომარე, ვიტალი გიორგაძემ.

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მესამე დღეა, აქციას მართავენ. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.

გუშინ მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ობოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საწარმო მზად არის, აქციის მონაწილეების მოთხოვნები განიხილოს.

ობოლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ კომპანიის სურვილია, პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს. თუმცა, გაფიცული თანამშრომლებისა და კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობის შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.