ანტონ ობოლაშვილი - კომპანია „ბორჯომის“ სურვილია, პროცესი გადავიდეს მოლაპარაკების ფარგლებში, ანაზღაურებაზე თანამშრომლების მოთხოვნა თითქმის დაკმაყოფილებულია
ანტონ ობოლაშვილი - კომპანია „ბორჯომის“ სურვილია, პროცესი გადავიდეს მოლაპარაკების ფარგლებში, ანაზღაურებაზე თანამშრომლების მოთხოვნა თითქმის დაკმაყოფილებულია

მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ობოლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საწარმო მზად არის, რომ აქციის მონაწილეების მოთხოვნები განიხილოს.

ამასთან, ობოლაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიის სურვილია, პროცესი მოლაპარაკების რეჟიმში გადავიდეს.

„შეხვედრა იყო კონსტრუქციული. რაც ყველაზე მთავარია, საწარმო მზად არის თითოეული საკითხის განხილვისთვის. ის მოთხოვნები, რაც თანამშრომლებს აქვთ, ფაქტობრივად განხილული აქვთ და დაახლოებული არის პოზიციები. თითოეული თანამშრომელი არის ამ საწარმოს კაპიტალი და თითოეულ მათგანს საწარმო უფრთხილდება. მათი დიდი სურვილია, პროცესი გადავიდეს მოლაპარაკების ფარგლებში და ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნა, მათივე გათვლებით დაახლოებულია, ანუ თითქმის დაკმაყოფილებულია. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ შეხვედრის ეტაპი, რომ მოხდეს საბოლოო შეჯერება და აისახოს ხელშეკრულებებზე. დოვლათს, საწარმოს თანამშრომლები ქმნიან და ისინი თუ არ იქნებიან, მაშინ ეს დახურვას ნიშნავს, დროებითი იქნება თუ სხვა სახის “, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

გაფიცული თანამშრომლებისა და კომპანია „ბორჯომის“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროფკავშირის წარმომადგენლის გარეშე მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები მეორე დღეა, აქციას მართავენ. კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მატებას, დასვენების დღეებსა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებას ითხოვენ.